საქართველოს პრეზიდენტი „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერს ჟან–ლუკ მელანშონს დაუპირისპირდა, - წერს ფრანგული გამოცემა "Le Jurnal du Dimansh"-ი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ჟან–ლუკ მელანშონმა საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატოში „უხეში და სულელური პროვოკაცია“ უწოდა. გამოცემა წერს, რომ ჟან–ლუკ მელანშონის „ამ მოკლე ფრაზამ განარისხა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“.
„თქვენ გსურთ იყოლიოთ დეპუტატები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ანტირუსულ და ნატოს მხარდამჭერ ისტერიაში, რაც ევროპარლამენტშია გამეფებული“ – დაამატა მან.
„ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრი პასუხი გასცა დაუმორჩილებელთა ლიდერს. „რაში ვერევი?“ – მკაცრად თქვა მან და დაგმო „ ევროსკეპტიკური გააფთრება“.
„რუსეთმა ვერ გადაგვახვევინა ევროატლანტიკური მისწრაფებიდან და მელანშონი მით უმეტეს ვერ გვაიძულებს ამას“ – დასძინა პოპულიზმის საკითხზე პარიზში ორგანიზებულ სემინარზე დასასწრებად ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანებას რუსეთი დასავლეთის ჩარევად აღიქვამს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მარტის თვეში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო, მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, გახდება ალიანსის წევრი. „ნატოს წევრმა 29 ქვეყანამ მკაფიოდ მიუთითა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“ – განაცხადა მან თბილისში საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართული ერთობლივი პრეს–კონფერენციის დროს.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ გადაწყვიტოს, ვინ იქნება ნატოს წევრი“, – ხაზგასმით აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, რომლის 29 წევრიდან რამდენიმე ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყანაა, მოსკოვი განიხილავს, როგორც მისი გავლენის სფეროში ჩარევას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღნიშნეს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ნატოში გაწევრიანება, თუმცა ეს პროცესი დღემდე არ დაწყებულა.
გასულ წელს რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ „შეიძლება საშინელ კონფლიქტს მისცეს დასაბამი“, - წერს გამოცემა.