(უმისამართი ბარათი, წერილი მეთოთხმეტე)
ოცი წლის წინ იყო ოციათასიანი აღლუმები... ორი წლის წინ - მომიტინგეების დარბევა... წელს - ქაღალდის "კედელი" საღებავიანი ნათითურებით(!)
მუქარა წელსაც იყო, როგორც ორი წლის წინ. ხალხიც იყო, მთლად ნახევარი მილიონი არა, მაგრამ მაინც...
პრეზიდენტი - მუდამ გამარჯვებული და მუდამ დამარცხებული მთავარსარდალი - ამჯერადაც გაერიდა დედაქალაქს და რომელიღაც რეგიონში რომელიღაც საწარმო, თუ დაწესებულება დიდი ზარ-ზეიმით გახსნა, მეათედ, ან პირველად(?)
ოპოზიციაც ზუსტად ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ბავშვები, როცა "უფროსები" შინ არ არიან - ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ერთმანეთს გაებუტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, ითამაშეს "პოლიტიკური" სახლობანა, ომობანა, დახუჭობანა, "დახატეს" უღრუბლო ცა, ნათელი მომავალი, მერე დაიღალნენ, დაიშალნენ და სახლებში წავიდნენ...
* * *
მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, შვიდმა ნოემბერმა მშვიდობიანად ჩაიარა... მაგრამ იქ სადაც მასები არ გუგუნებენ, ინდივიდებს მაინც აქვთ "რაღაც" ისეთი სათქმელად და ხმაურად რომ ღირს(!)
თუ აქამდე მარადიულ "ხიდჩატეხილობას" ორი მხარე ჰყავდა - გაღმით ხელისუფლება და მისი პოლიტიკით კმაყოფილები, გამოღმით კი, პოლიტიკური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები - სააკაშვილის ექვსწლიანი მართველობისა და ოპოზიციის ორწლიანი არსებობის მანძილზე საზოგადოებაში გაჩნდა მესამე "სეგმენტიც".
მართალია, ეს მესამე სეგმენტი ისევ ოპოზიციის მხარდამჭერთა "ბაზაზე" შეიქმნა, მაგრამ მას ოპოზიციისაგან ისეთივე "უფსკრული" აშორებს, როგორც ხელისუფლებისაგან, და შესაძლოა უფრო მეტიც და ღრმაც...
მოკლედ, მათთვის - ვისთვისაც მიუღებელია ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ ასევე არ მოსწონს ოპოზიციის ქმედება - "ხიდჩატეხილობის" კონფიგურაციაში ადგილი არ აღმოჩნდა და ისინი, ორგზის გულგატეხილები, "გაღმა ნაპირზე" დამკვიდრდნენ...
"გაღმა ნაპირიდან" და "გაღმანაპირელებისათვის" კი, სულ სხვაგვარად მოსჩანს საქართველოცა და ქართული რეალობაც(!)
ამბავი "ორი კურდღელისა"
დღემდე უცნობია რა "დააშავეს" ამ უწყინარმა ცხოველებმა, მაგრამ ცხადია, რომ კურდღლის თემა მეტად აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც მთელმა სამყარომ იხილა აგვისტოს ომის ფონზე დამფრთხალი ქართველი მთავარსარდლის უფრო დამფრთხალი ქმედებები და გამომეტყველება, იგი შეშინებულ კურდღელს შეადარეს და შერჩა კიდეც სამარჟამისოდ ეს "სახელი" და "წოდება".
ეს ალეგორიული მეტამორფოზა პოლიტიკურ "მოდასა" და "ავანგარდში" იყო აპრილის აქციების დროსაც. რაც მაშინ პრეზიდენრის ავლაბრის რეზიდენციაში მოპიკეტეებმა კომბოსტო და სტაფილო გადაყარეს, პრეზიდენტს არა, მაგრამ ერთ პატარა ბაჭიას უდაოდ გაზრდიდა ჯიშიან კურდღელად.
იმავე "ლოგიკით" უნდა გაზრდილიყო იმავე ქვეყანასა და იმავე "გალიაში" მყოფი მეორე ბაჭიაც - მშიშარა არა, ბაქია ბაჭია - რომელიც აგერ უკვე ორი წელია იმის კვეხნასა და ბაქიბუქში ამოხდა სული, რომ "მშიშარა ბაჭიას" დაამარცხებს, შეაკვდება, გაანადგურებს, ტყავს გააძრობს და "ბაჭიის ტყაოსან" მხსნელად და რაინდად მოევლინება გაუბედურებულ ქვეყანას(!)
მოკლედ, "გაღმანაპირიდან" ასე ჩანს და "გაღმანაპირელებიც" ასე ფიქრობენ, რომ დიდი "პოლიტიკური თამაშების" მიღმა ორი კურდღელი "თამაშობს" - ერთი მშიშარა და მეორე ბაქია(!) ...
და "მგელიც" ორია, ისე, სხვათა შორის...
"ცას გამოკერებულები"
ქართულ რეალობაში დაუჯერებელი და წარმოუდგენელი თითქმის აღარაფერია, მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ არც რეალურია რამე(!)
პარადოქსი კი იმდენია, რომ ლოგიკა ალოგიკურობის ფონზე კვლავაც "უმცირესობაში" რჩება.
კითხვებიც ბევრია და პასუხებიც. არის მანიფესტაციები - ასკაციანიცა და მრავალათასიანიც. არის დიალოგიც - პირდაპირიც, დამონტაჟებულიცა და კულუარულიც.
მოკლედ, ყველაფერია საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ მუდმივად თავი მოიწონოს, საკუთარი და ევროპული საზოგადოების წინაშე; ხოლო ოპოზიცია მუდმივად თავის მართლების პოზაში იყოს ხალხის, საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე(!)
თავისმართლებაც ისეთივე პირობითი მცნებაა, როგორც სხვა დანარჩენი მცნებათაგანი.
მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 7 ნოემბრის ორი წლისთავზე, "დაზარალებული ოპოზიციის" რიგებში "დამზარალებელი ხელისუფლების" წარმომადგენლებიც აღმოჩნდებოდნენ და ისინიც ისე ამაყად ყელმოღერებულები გაივლიდნენ რუსთაველზე, თითქოს ორი წლის წინ მათაც მხუთავი გაზი და უსამართლობის განცდა ჰქონდათ ყელში ბოღმადა და ტკივილად გაჩხერილი(!)
პოლიტიკური სინანული და ბოდიში (ისევ დედამიწაზე დასამკვიდრებლად) ქრისტიანული მიმტევებლობის განცდას ნამდვილად არც ჰყოფნის და არც აღძრავს.
ამიტომაცაა, რომ "გაღმანაპირელებს" - ანუ ხელისუფლების ოპოზიციას და ამავდროულად ოპოზიციის ოპოზიციასაც - არ სჯერა მათი, ვისაც პოლიტიკური "მიწა" ფეხებქვეშ გამოეცალა, და მაინც უნდათ პოლიტიკურ "ცას" გამოეკერონ!..
მითიდან რეალობამდე
ეს "გზა" ყველამ ერთად, ყველამ ცალცალკე, ერთდროულად და დროის სხვადასხვა მონაკვეთში, იდენტური და განსხვავებული მარშრუტებით გავიარეთ...
ზოგი ჯერაც "გზაშია"(!)
ზოგი დღესაც დაობს იმაზე, "ვაის" გაყრა სჯობს "ვუის" შეყრას, თუ პირიქით. კაცმა რომ თქვას ორივესგან თავის დახსნა სჯობია, მაგრამ სადაა(?)
ფაქტია, მუდმივად "რაღაცის" მოლოდინმა იმ "რაღაცასაც" ფასი დაუკარგა და მოლოდინსაც.
ისიც, ფაქტია ქვეყანა ამ დაუსრულებელი და უშედეგო აქციებით რომ გამოიფიტა და იმედად ისღა დაგვრჩა - თუკი ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება, რაღა ათი ათასობით ქართველის საპროტესტო მუხტი დაიკარგება უკვალოდ(?!)
თუკი ოპოზიცია გამუდმებით მოუწოდებდა ხელისუფლების აპოლოგეტებს ამ ხელისუფლებას არსებობის წლები კი არა, დღეებიღა დარჩა და მას სამარეში ნუ ჩაყვებითო, რატომ უნდა ჩაყვნენ იმავე პოლიტიკურ სამარეში ოპოზიციის მხარდამჭერები ოპოზიციას, რომლის დღებიც კარგახნის დათვლილია(?)
...ერთხელ პატიების თხოვნა გასაგებია, ორჯერ დასაშვები, სამჯერ საეჭვო, მაგრამ შეიძლება გამუდმებით პატიებას ითხოვდე, და თუ ასევე გამუდმებით საპატიებლად გაქვს საქმე რისი, ან ვისი "ლიდერი" ხარ მაშინ?
რისი "ლიდერი" და ქვეყნის გადამრჩენი ხარ, თუკი ორი წლის მანძილზე ორჯერ მოგპარეს და წაგართვეს არჩევნებში "გამარჯვება";
თუკი ასობით მხარდამჭერი დაგიპატიმრეს და დილეგში გამოგიმწყვდიეს; თუკი მრავალჯერ დაგარბიეს, გცემეს და დაგაწიოკეს;
თუკი მუდმივად გხლართავენ ინტრიგებში, მარტივ მამრავლებად გშლიან და მერე სურვილისამებრ, "გკრავენ", "გაკოწიწებენ" და "გაწეპებენ";
თუკი ყოველდღე გაბითურებენ და დაგარბენინებენ მიტინგიდან შავნაბადაზე, საპროტესტი აქციიდან მოლაპარაკების მაგიდაზე...
თუკი ასგზის მოტყუებულს, დამარცხებულსა და დამცირებულს ხელის შებრუნებაც კი არ შეგიძლია და მარტო ენის შებრუნებით იოკებ თავს, ლიდერს ვინ ჩივის ჯერ ის ჰკითხე საკუთარ თავს კაცი ხარ, თუ კაცი ადამიანი(?!)
* * *
სიმბოლური თარიღების კვალდაკვალ თუ ვივლით საქართველოს პოლიტიკურ კალენდარში უახლოესი "პოლიტ-ფატალური" თარიღი 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზეა ჩანიშნული.
კაცმა არ იცის, ან ოპოზიციას რა ჰქონდა საზეიმო 7 ნოემბერს, ან ხელისუფლება რას იზეიმებს 23 ნოემბერს(?)
ხალხს, მით უფრო "გაღმანაპირელებს", რომ არ ეზეიმებათ ფაქტია(!)
როგორც, ქართული პრესა იუწყება და თავად ლევან გაჩეჩილეძეც ადასტურებს, საქართველოს "დე-ფაქტო" პრეზიდენტისათვის, მანიფესტაციების მშვიდობიანად ჩატარების თაობაზე, ჯორჯთაიმის უნივერსიტეტს ლექციების ჩატარება შეუთავაზებია(!) რაღა გვიჭირს, ნახევარი მილიონი ქართველი ოპოზიციის ყოველ დაძახილზე, დარსა და ავდარში, "მიშა წადის" დასაძახებლად ქუჩაში ორი წლის მანძილზე უშედეგოდ მართლაც არ მდგარა და, რაც მთავრია ქართველებსაც შეგვიძლია თურმე რაღაც ვასწავლოთ ცივილიზებულ სამყაროს(!)
ალბათ, იგივე ცივილური სამყარო, საქართველოს "დე-იურე" პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილაც მალე მიანიჭებს ნობელის პრემიას, როგორც ყველაზე დემოკრატ პრეზიდენტს - ხუმრობა ხომ არაა, რაც მან ამ ორი წლის მანძილზე ლანძღვა-გინება, მუშტების მოღერება და საკუთარ სამფლობელოში "კარვების ქალაქის" "გამეფება" ითმინა, კაცის, მით უფრო პრეზიდენტის კია არა, "ჩიტის გულიც" ვერ მოითმენდა(!)
მაგრამ რა ბედი გველის ჩვენ, რიგით ქართველებს, უცნობია და არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს იქნება გაურკვეველი...
"გაღმანაპირელებს" კი, ანუ მათ: ვისთვისაც ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც მიუღებელია; ვინც არც 7 ნოემბერს და არც 23 ნოემბერს არ ზეიმობს; ვისაც არც "ვაისთვის" და არც "ვუისთვის" არ ემეტებათ ეს ქვეყანა; ვინც ნიჰილიზმში არაა, მაგრამ ვერც ოპტიმიზმის საფუძველს ხედავს, ერთი არც თუ უსაფუძვლო "კოლექტიური" შიში აქვთ - ხვალ შეიძლება თავად საქართველო აღმოჩნდეს საქართველოს მიღმა, ანუ "გაღმა ნაპირზე"!..
"ჯი-ეიჩ-ენი",ელგა ფოლადიშვილი