გუშინ, 14 მაისს, საღამოს, სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას აშშ-სთან ურთიერთობების სრულად აღდგენა სურს და იმედი გამოთქვა, რომ იგივე სურვილი ამოძრავებს დონალდ ტრამპსაც.
როგორც პუტინმა პომპეოს უთხრა, ის ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ჩარეულა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
პუტინთან შეხვედრამდე, მაიკ პომპეო შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ირანის, სირიის, უკრაინისა და ვენესუელის საკითხებზე.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა, რაც უარყოფილი იქნა ლავროვის მიერ.
„მადუროს დრო წავიდა, მას სიღარიბის გარდა არაფერი მოუტანია ვენესუელელი ხალხისთვის და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი შეწყვეტს მის მხარდაჭერას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.