რუსეთი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია რადგანაც თუკი შიშზე დავიწყებთ კონცენტრირებას - მაშინ სხვა ყველაფერი დაგვავიწყდება - განაცხადა „TVP Info“-ს ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა რომელიც პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, გამომდინარე 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან, ახლა ძნელია ქართველები რამით შეაშინო.
„რუსეთი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია რადგანაც თუკი შიშზე დავიწყებთ კონცენტრირებას - მაშინ სხვა ყველაფერი დაგვავიწყდება და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებთ. ეს მცდარი გზაა რადგანაც ქვეყანა ასე არ შენდება და განვითარების შესაძლებლობები ასე არ ჩნდება. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“, - თქვა პრეზიდენტმა.
„დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული მაგრამ მოვა დღე და ჩვენ ამ რეგიონებს დავიბრუნებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გავერთიანდებით იმ ხალხთან რომლებიც ახლა ოკუპირებულ მიწებზე ცხოვრობენ“.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების პრიზმაში. „საქართველო არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რომელსაც აქვს საკუთარი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა. რუსეთი არ განსაზღვრავს არც ჩვენს მომავალს და არც ჩვენს არსებობას“.