რუსეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც არის საფრთხის, დაშინებისა და წნეხის წყარო, - განაცხადა "პოლონური პრესის სააგენტოსთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ლტოლვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და შიდა ქართლის (ეგრეთ წოდებული "სამხრეთ ოსეთის") ოკუპაციამაც კი ვერ შეაჩერა.
"ვთვლი რომ შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შიშებით ცხოვრება. საქართველოსთვის ყველაზე უარესი უკვე მოხდა - მისი ტერიტორიებია ოკუპირებული, თუმცა ამან ვერ შეაჩერა და ვერც შეაჩერებს საქართველოს კურსს, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენაა მიმართული", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა: "ზუსტად ამ კურსის შენარჩუნებაა უმთავრესი წარმატება".
"რუსეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც არის საფრთხის, დაშინებისა და წნეხის წყარო. იგი ათასგვარ პროვოკაციებს ახორციელებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განუწყვეტლივ ავითარებს სამხედრო ბაზების ქსელს და ღიად ატარებს რუსიფიკაციის პოლიტიკას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.