ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა და ოზურგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი მოსახლეობას ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე შეხვდნენ. შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით მჟავანაზეც დაესწრო.
"საზოგადოების განწყობა არის ის, რომ მზად არიან ივანიშვილი გაგლიჯონ იმ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის რაც არის. მე ხშირად მიწევდა ადამიანების დაწყნარება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად ჩანდა და ბუნებრივად ჩანს. აქამდე მოხერხება უნდა, რომ მიიყვანო საზოგადოება. ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ მშვიდად, არჩევნებით 19 მაისს იქ სადაც შუალედური არჩევნები ტარდება და მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ბიძინა ივანიშვილი გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტენის და არჩევნების დონეზე. ეს გარდაუვალია, რადგან 2020 არის ივანიშვილის ბოლო ვადა. ისევე როგორც ჩვენი საზოგადოება, დამოუკიდებლობის პერიოდიდან ხალხი ვაძლევთ ხელისუფლებას მაქსიმუმ 2 ვადას და იმის მერე როდესაც ვადა გადის ხელისუფლებას, როგორც ვადაგაცილებულ საქონელს ისე ვისტუმრებთ. აი, ასე მოუვა ზუსტად ივანიშვილს და საზოგადოების განწყობიდან ეს უკვე ძალიან კარგად ჩანს.
ერთი ან ორი წლის წინ აბსოლუტურად სხვა განწყობილება იყო, დღეს უკვე ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა, ატყუებს ხალხს და ხალხის ხარჯზე მისი მოყვანილი ადამიანები მდიდრდებიან. ეს არის ფაქტი, ეს არის საზოგადოების განცდა და ეს არის საზოგადოების ტკივილი. საზოგადოება ამას არ შეარჩენს ივანიშვილს", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.