"ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ინიციატივით 10-11 მაისს თბილისში ჩამოდის ცნობილი თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი. აღსანიშნავია, რომ ფონდი ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.
ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები და მათი კინოგმირები. პატარა პაციენტებმა არაერთხელ მიმართეს და სთხოვეს მათ, ცნობილი თურქი მსახიობის ჩაგათაი ულუსოის ჩამოყვანა და მასთან შეხვედრა.
10 მაისს 13:00 საათზე მსახიობი "ნიუ ჰოსპიტალს" ესტუმრება სადაც, მოინახულებს ბავშვებს. (მის: კრწანისი ქუჩა N:12).
11 მაისს 16:00 საათზე ჩაგათაი ულუსოი "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ბენეფიციარებს შეხვდება. (მის: დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 56 ქ. N 56).
მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ფონდის პოპულარიზაციას და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბავშვების რეაბილიტაციას.
ჩაგათაი ულუსოი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად ითვლება. ის ევროპაშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც თურქეთში.
მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელის Netflix-ის პროექტის სერიალში The Protector (Hakan: Muhafız) მთავარ როლს სწორედ ჩაგათაი ულუსოი ასრულებს.
თურქი მსახიობი ჩაგატაი ულუსოი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალებიდან "გზაჯვარედინი", ,,ძმა", ,,ველური თაფლი".
აღსანიშნავია, რომ მსახიობი ჩართულია სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროექტებში UNICEF-ის ხაზით.