ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სუს-ის მიერ გავცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე.
მისი თქმით, ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
„მე არაფერს ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადად, ფონი არის მძიმე ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია და ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერიროსტული აქტის მომზადებას გეგმავდა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა სუს-მა გამოავლინა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. სუსმა, აღნიშნულის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშილისა და თავისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. მორის მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.