საქართველო ევროპის კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ქვეყანა მუდამ იყო, არის და იქნება ამ სივრცის ორგანული და ჰარმონიული შემადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის - „საქართველო, ევროპა“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს უძველეს, უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებზე და მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ქვეყნის განსაკუთრებულობას განაპირობებს.
„ქართულ კულტურას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა მრავალფეროვანი ისტორია, რამაც უზრუნველყო ძლიერი ეროვნული თვითმყოფადობა და ხელი შეუწყო საქართველოში კულტურის განსაკუთრებულობის აღქმას. სრულიად განსაკუთრებულია ჩვენი გეოგრაფიაც, ევროპისა და აზიის შესართავზე, საქართველო საუკუნეების განმავლობაში თამაშობდა ერთგვარი ხიდის როლს. ჩვენი ნებისმიერი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, რადგან ჩვენ საერთო საყრდენი - საერთო კულტურული ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ქართველი ერის არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასშტაბური პროექტი „საქართველო, ევროპა“ საერთაშორისო ფორუმით - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ გაიხსნა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ფორუმით დაიწყება დიალოგების სერია, რომელიც შეკრებს სხვადასხვა ევროპულ კულტურას და ევროპულ კულტურათა ამ მრავალფეროვნებაში ქართული კულტურის როლს წარმოაჩენს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს და კამპანია „საქართველო, ევროპა“ ტრადიციული გახდება.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, საჭიროა მეტი საუბარი და აქტიურობა იმის შესახებ, რომ საქართველო ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი ფორუმები ამ ფილოსოფიის განმტკიცებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, სადაც წარმატებით წარმოჩინდა ჩვენი კულტურა. უკვე წლებია, რაც ქართველი მწერლები აქტიურად მონაწილეობენ მრავალ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, მათ შორის, ლონდონსა და ლაიფციგში. ეროვნული პავილიონით ვმონაწილეობთ აგრეთვე ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე. ასევე ყოველწლიურად იმართება თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებები კანის, ბერლინის, ლოკარნოს, სან სებასტიანისა და სხვა მნიშვნელოვან ფესტივალებზე. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო 2021 წელს უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს, ხოლო 2022 წელს ცნობილი ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ (Europalia) სწორედ ჩვენს სამშობლოს მიეძღვნება. აგრეთვე 2022 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება პარიზის წიგნის ბაზრობაზე. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ჩვენი მოქალაქეების წარმატება საზღვარგარეთ. ჩვენმა ხელოვანებმა უკვე დაიმკვიდრეს გამორჩეული ადგილი მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში. დიდი პოპულარობით სარგებლობენ ოპერის, ბალეტის, სახვითი თუ საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლები. საქართველო პირველი ქვეყანაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან, რომელიც 2015 წლიდან „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში გაერთიანდა. საერთაშორისო კულტურულ განზომილებაში საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ფესტივალების, კულტურული ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განსავითარებლად. ჩვენი უპირველესი ამოცანაა საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ცნობადობის ზრდა, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და „იუნესკოს“ მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.
მასშტაბური პროექტი „საქართველო, ევროპა“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნის იმიჯის ამაღლება, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა - ქვეყნის, როგორც სანდო და ძლიერი პარტნიორის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. პროექტი პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებთან თანამშრომლობით კულტურული პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ფესტივალები, საერთაშორისო გამოფენები, კონცერტები და ა.შ.