აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს კონგრესმენების მოტყუებაში ადანაშაულებს.
ნენსი პელოსის თქმით, უილიამ ბარმა იცრუა, როდესაც მალერის გამოძიების ანგარიშის შესახებ მოხსენება გააკეთა.
„მან [გენერალურმა პროკურორმა] მოატყუა კონგრესი. თუ ვინმემ მსგავსი ქმედება ჩაიდინა ის ჩაითვლება დანაშაულად“, - განაცხადა პელოსიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ნენსი პელოსიმ დასძინა, რომ არავინ, არც გენერალური პროკურორი და არც პრეზიდენტი არ დგანან კანონზე მაღლა.
ნენსი პელოსიმ შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალური პროკურორი უილიამ ბარი კონგრესის წინაშე სპეციალური პროკურორის რობერტ მალერის ანგარიშის შესახებ ანგარიშით წარსდგა.
დემოკრატები ფიქრობენ, რომ გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპს ეხმარება. დემოკრატებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულება იმისა, თითქოს ტრაპმა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას, არ არსებობს.
ცნობილია, რომ სპეციალური პროკურორი მალერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ამ საქმესთან დონალდ ტრამპის შემხებლობას იძიებდა.