ევროპის დღე თბილისშიც აღინიშნება. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და თბილისის მერიასთან ერთად ევროპის დღის აღსანიშნავად შაბათს, 4 მაისს რიყის პარკში ზეიმს გამართავს.
ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობები ჩატარდება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ ევროკავშირის 20 წევრი სახელმწიფოს სტენდებს და შეიტყონ იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. უამრავი გასართობი შეჯიბრები, პრიზები, წარმოდგენები და თამაშებით დატვირთული დღე ელით ბავშვებს, ხოლო მშობლები კულტურული პროგრამით ისიამოვნებენ და მრავალფეროვან ევროპულ კერძებს გასინჯავენ მთელი დღის განმავლობაში. მსურველებს შეეძლებათ ქუჩის კალათბურთის შეჯიბრში მონაწილეობის მიღება. საღამოს გაიმართება გალა კონცერტი "33ა" და "DJ ნიკოლ სეტის" მონაწილეობით. დასწრება უფასოა.
ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს ზეიმობენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის აღსანიშნავად. მან ევროპაში ახალი ფორმის პოლიტიკური თანამშრომლობის იდეა წამოაყენა, რომელსაც ევროპის ქვეყნებს შორის ომი შეუძლებლად უნდა ექცია და მათ ქვანახშირისა და ფოლადის რეზერვების გაზიარება სთხოვა. ამ იდეამ დასაბამი მისცა ევროპის კავშირის შექმნას, რომელიც 28 ქვეყანას და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს 60-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში.
წლევანდელი ევროპის დღე გაიმართება დევიზით „ერთად უფრო ძლიერი ვართ“, რათა ხაზი გაესვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებს. 2019 წელს ორმაგი იუბილე აღინიშნება - აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 5 წლისთავი.