ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო კანონპროექტია. თუკი რაიმე შეიძლებოდა პოზიტიური ჩაწერილიყო და სასამართლოს წაადგება, ყველაფერი ჩაიწერა. ოპონენტების დღის წესრიგი გასაგებია. ისინი თავისას მიჰყვებიან. მათ სასამართლოში გავლენები სჭირდებათ. მათ პროცესის გაჭიანურება სჭირდება. ოთხთვიან პროცესს ფორსირებულს ეძახიან. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა, მეტი არაფერი. რეალურად, როგორც იქნა, ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ. ახლა მთავარია, ამას ასახვა ჰქონდეს პატიოსანი და ისეთი მოსამართლეების არჩევაში, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ”, - განაცხადა მდინარაძემ.