ადამიანურად გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ე.ი. პირველი ოქტომბერი მთავრდება, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა.
„ძალიან არასწორი მორალური არჩევანი კეთდება დღეს, იმ ადამიანების ინტერესების უპირობო შესრულებისათვის, რომლებმაც სამართლებრივად უზრუნველყვეს სააკაშვილის რეჟიმის არსებობა 9 წლის განმავლობაში და დღეს ჩამოყალიბდა, როგორც კლანი სასამართლოში და ჩვენი მომავლისთვის წარმოადგენს საფრთხეს. გაქვთ ერთი შანსი, დააბრუნოთ მეორე მოსმენაზე კანონპროექტი და შეეცადოთ მაინც, გაითვალისწინოთ რაღაც რეკომენდაციები, რომ ეს მთლიანად საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, პროფესიული სექტორის გამოწვევა არ გახდეს. ამ შანსის არ გამოყენება, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ხარაკირია. ადამიანურად გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ე.ი. პირველი ოქტომბერი მთავრდება. პირველი ოქტომბრისთვის და ადამიანებისთვის, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, განაჩენი გამოგაქვთ იმის გამო, რომ სიამოვნება მიანიჭოთ და შეუსრულოთ შეკვეთა ზონდერ მოსამართლეებს“, - განაცხადა ფოფხაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.