საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებმაც დახმარება არაინფორმირულობის გამო ამ დრომდე ვერ მიიღეს, კუთვნილ თანხას წლის ბოლომდე აუნაზღაურებენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი წინა სესიაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დასვა და განაცხადა, რომ 25-მა ოჯახმა ვერ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეეძლოთ მიეღოთ, როგორც ხანდაზმულობის პენსია, ასევე მარჩენალდაკარგულის პენსია. ასევე იმ ოჯახებმა, რომლებმაც დაკარგეს ერთზე მეტი შვილი მიიღებდნენ ორმაგ დახმარებას.
ამისათვის აღნიშნულ ოჯახებს სათანადო განცხადებით უნდა მიემართათ ჯანდაცვის სამინისტროსთვის და განცხადების დაწერის თარიღიდან ისინი შეძლებდნენ აღნიშნული შეღავათით სარგებლობას. როგორც ანიკაშვილმა განაცხადა, 25-მა ოჯახმა ამის შესახებ ვერ მიიღო ინფორმაცია და, შესაბამისად, მათ თითქმის 8 თვის თანხა დაკარგეს.
ანკაშვილი ხელისუფლებას სთხოვს, გაითვალისწინოს ამ ოჯახების მდგომარეობა და შეძლონ აღნიშნული თანხის აღება. მით უმეტეს, ანიკაშვილის თქმით, მთავრობას მათთვის საჭირო თანხა გათვლილი ჰქონდა 2010 წლის ბიუჯეტში.
წინა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც გაირკვა რომ გარდაცვლილთა ახლობლებს ზუსტი სიის მიხედვით ინფორმაცია დროულად მიეწოდებოდათ, თუმცა ზოგიერთი ბენეფიციალი აღნიშნულ მისამართზე არ აღმოჩნდა და გაუგებრობაც ამ ფაქტმა გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, თოიძის განცხადებით, სამინისტროსთან შედგა შეთანხმება, რომ დაღუპულთა ოჯახებს წლის ბოლომდე აუნაზღაურდებათ ის თანხა, რაც მათ 2010 წლის 1-ლი იანვრიდან ეკუთვნოდათ. შემდგომში კი დახმარებას ჩვეულებრივ მიიღებენ.