„ჯერჯერობით მე ოფიციალური პრეზიდენტი არ ვარ, მაგრამ მე შემიძლია განცხადება გავაკეთო, როგორც უკრაინის მოქალაქემ. მივმართავ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია, დემოკრატიულად შევცვალეთ ხელისუფლება“, - განაცხადა უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინული ტელევიზიის ეთერში, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემედგ.
„ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით. დიდი მადლობა ყველა ჩვენს სამხედროს, თქვენ იცავთ უკრაინას. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უკრაინელს, რომელმაც მხარი დამიჭირა, ასევე ყველა უკრაინელს რომელთაც სხვა არჩევანი გააკეთეს“, - დასძინა ზელენსკიმ.
20:00 საათზე უკრაინაში საარჩევნო უბნები დაიხურა. ეროვნული ეგზიტპოლების 18:00 საათის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73.2% აქვს, პეტრო პოროშენკოს კი - 25.3%. ხოლო ТСН-ის იმავე პერიოდის ეგზიტპოლით კი, ზელენსკი - 72.7%, პოროშენკო - 27.3%.
ეროვნული ეგზიტპოლების შედეგები კიევის დროით, 22:00 საათზე განახლდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პირველი ტურის გამარჯვებული ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.
უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს. ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13000 ამომრჩეველი, ცდომილება კი 2%-ია.
პეტრო პოროშენკომ ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა.