ახლა ვურეკავ ჩემს ოპონენტს, რომ მივულოცო გამარჯვება, – ამის შესახებ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„ისე მოვიქცევი, როგორც ევროპულ, ცივილიზებულ საზოგადოებას შეეფერება. პატივს ვცემ უკრაინელების უმეტესობის გადაწყვეტილებას. მომავალი თვის ბოლოდან მე დავტოვებ სახელმწიფოს მეთაურის პოსტს, მაგრამ არ მივდივარ პოლიტიკიდან. უკრაინელმა ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა პოროშენკომ.
20:00 საათზე უკრაინაში საარჩევნო უბნები დაიხურა. ეროვნული ეგზიტპოლების 18:00 საათის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73.2% აქვს, პეტრო პოროშენკოს კი - 25.3%. ხოლო ТСН-ის იმავე პერიოდის ეგზიტპოლით კი, ზელენსკი - 72.7%, პოროშენკო - 27.3%.
ეროვნული ეგზიტპოლების შედეგები კიევის დროით, 22:00 საათზე განახლდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პირველი ტურის გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.