პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, შს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები კახეთში მიემგზავრებიან.
ხეობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. სოფელ ბირკიანში რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ამავე პრესრელიზში აღნიშნაულია, რომ „ხადორი-3“-ის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა იგეგმება.
„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია“, - წერია კომპანიების „ალაზანი ენერჯისა“ და „ფერის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც.