ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია "დავასუფთავოთ მსოფლიო! დავასუფთავოთ საქართველო!" გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე მონაწილეობდა.
წელს საქართველო პირველად უერთდება ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას - „დავასუფთავოთ მსოფლიო", რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით 1992 წელს დაიწყო და ყოველწლიურად მსოფლიოს 120 ქვეყანაში (35 მილიონი ადამიანი) იმართება.
ღონისძიება "დავასუფთავოთ საქართველო" „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების," კავშირი „ეკოხედვის" ორგანიზებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ტარდება. კამპანია მიზნად ისახავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების შემცირებას და გარემოსდცავითი ცნობიერების ამაღლებას.
ლისის ტბის გარდა, დასუფთავების აქციები 17-18-19 სექტემბერს თბილისის ზღვის, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, ჩაერთოს ღონისძიებაში და „დავასუფთავოთ ჩვენი ეზო, ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა და გადავარჩინოთ პლანეტა."