ფრანგების, განსაკუთრებით კი პარიზელების საყვარელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, სხვაგვარად ნოტრ-დამი, საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი და ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 850 წლის წინ აშენდა.
ნოტრ-დამი, რომელიც ფრანგულიდან ქართულად ითარგმნება, როგორც "ჩვენი ქალბატონი", საფრანგეთს ისტორიის სხვადასხვა მომენტში საკვანძო როლს ასრულებდა. მაგალითისთვის, სწორედ აქ მოხდა იმპერატორ ნაოპლეონ ბონაპარტის კორონაცია.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ყოველწლიურად 13 მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს და მისი კადრები მილიონობით ფოტოობიექტივის სამიზნე გამხდარა.
ნოტრ-დამის მოედანზე მდებარეობს საფრანგეთის "ნულოვანი წერტილი" - ანუ წერტილი, საიდანაც იწყება საავტომობილო გზების მანძილის ათვლა ქვეყნის დედაქალაქიდან. ლეგენდის თანახმად, ტურისტი, რომელიც ნულოვან წერტილს გაივლის, აუცილებლად ბრუნდება პარიზში.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც თავის მხრივ, საფრანგეთში კათოლიკური მრწამსის მთავარ სიმბოლოდ ითვლება, საუკუნეების მანძილზე შეგროვილი ფასდაუდებელი ნივთების, ხელოვნების ნიმუშებისა და სიწმინდეების საცავია.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა 1163 წელს ლუი VII-ის ზეობის ხანაში დაიწყო.
გოთიკური არქიტექტურის ლეგენდარული ტაძრის შენობის საძირკველში პირველი ქვა რომის პაპის ალექსანდერ მე-3-ის თანდასწრებითა და კურთხევით განთავსდა.
ტაძრის მშენებლობის დასრულება მხოლოდ 1345 წელს მოხერხდა. იგი მრავალი ისტორიული მოვლენის მომსწრე გამხდარა 850 წლის განმავლობაში.
1431 წელს ინგლისის მერე ჰენრი VI საფრანგეთის მეფედ სწორედ ამ დიდებული ტაძრის კედლებში ეკურთხა. 1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის კორონაცია სწორედ აქ შედგა.
1790-იან წლებში საფრანგეთის რევოლუციის დროს ტაძრის ფასადი და ინტერიერი საგრძნობლად დაზიანდა. ტაძარი ასევე გადაურჩა ორ დამანგრეველ მსოფლიო ომს.
1831 წელს გამოვიდა ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი ნაწარმოები „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, რომელმაც დააბრუნა ინტერესი ტაძრის მიმართ და დაიწყეს მისი დაზიანებული ნაწილების აღდგენა და ძველი დიდების დაბრუნება.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. ტაძარი შემკულია უთვალავი ქანდაკებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმებით, რაც განუმეორებელ ხიბლს სძენს ამ დიდებულ ქმნილებას.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, რომელშიც ეგრეთ წოდებული, მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, გაუჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძარს გადაურჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.
პარიზის პროკურორმა რემი ეიტზმა თქვამ რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ. პროკურატურა მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევას განიხილავს.
დაწყებულია სახსრების შეგროვება ნოტრ-დამის აღსადგენად. შესაბამისი განყოფილება გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე. მომხმარებელს სთავაზობენ 50-დან 500 ევრომდე თანხის შეტანას, ან სხვა, ნებისმიერი თანხის მითითებას. ალტერნატივაა – ყოველთვიურად ნაკლები თანხის ჩამოჭრა – 10-დან 100 ევრომდე, ან სხვა თანხის მითითება, შერჩევით.
ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გამოყო ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ, ასევე 200 მილიონი ევრო გადარიცხა კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“ დამფუძნებლის ოჯახმა, 100 მილიონი გადარიცხა ფრანგულმა ნავთობის კომპანიამ „ტოტალმა“. 100 მილიონი გადარიცხა ბიზნესმენმა ფრანსუა ანრი პინომ.
გარდა ამისა, თანხის გადარიცხვის სურვილი გამოთქვა კომპანია ეფლის დირექტორმა ტიმ კუკმა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.