ევროპული საქართველო აფხაზეთში ამერიკული კომპანია AirBnB-ს ოპერირების განახლებას ეხმაურება და მთავრობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო სანქციებში ინკორპორირების დავალების გაცემის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გიორგი კანდელაკის თქმით, ამერიკული კორპორაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განდევნილი ქართველების უძრავი ქონების გაქირავება რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაციაა.
„სწორედ ამას ვგულისხმობდით როცა პრემიერ-მინისტრი ბახტაძე სტრასბურგში ევროსაბჭოს ტრიბუნის არგამოყენებისთვის გავაკრიტიკეთ. პრემიერმა აღწერა ჩვენი პრობლემები მაგრამ არ უთქვამს რას ვითხოვთ, არ მოუთხოვია ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის თემატიკის შეტანა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის სანქცირება,“ აღნიშნა კანდელაკმა.
„შედარებისთვის ყირიმში AirBnB და მსგავსი კომპანიები ვერ ოპერირებენ სწორედ იმიტომ რომ იქ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.“
კანდელაკის განცხადებით პარტია ევროპული საქართელო პარლამენტში რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს, რომლის თანახმადაც პარლამენტი მთავრობას რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ შორის ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას დაავალდებულებს.