აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რეგიონში გაზსადენების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 მლნ 797 ათასი ლარია. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, (განცხადების ნომერი: NAT190007602) შესყიდვის ობიექტია შუახევის მუნიციპალიტეტში (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები) ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტი (შემდგომში - მიმწოდებელი) ვალდებული იქნება მოიპოვოს მშენებლობის პროცესში სამშენებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ყველა სახის სანებართვო ან შეთანხმების დოკუმენტაცია (ქუჩის/გზის სავალ ნაწილზე ტრანშეის მოწყობა, დროებითი ელექტრო და წყალმომარაგება, საჭიროების შემთხვევაში ქუჩის გადაკეტვა, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების დროებით გამოყენება, სამშენებლო ტერიტორიაზე მასალების მიწოდების/გამოტანის სატრანსპორტო სქემის შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში და ა.შ.);
ამასთან, ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, რადგან დაგეგმილია ხულო-გოდერძი-ზარზმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს. ამასთან კურორტი გოდერძის მონაკვეთზე (პკ542,20 - პკ480) სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადაა - არანაკლებ სამი წელი. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მხარეთა შორის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის დღიდან.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველ სუბიექტებს შესაბამისი განცხადების გაკეთება 5 მაისიდან 10 მაისამდე შეეძლებათ.
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი:
➡დასრულებულია მაღალმთაინი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი. სოფ.სალიბაურიდან-სოფ.ხიჭაურამდე გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
➡გაზსადენი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის (ხიჭაურის) ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.
➡სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.
მეორე ეტაპი
➡უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც შუახევიდან(სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.
➡დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება.
➡დასაქმდება 140 ადამიანი.