სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გარკვეული ხარვეზები დააფიქსირა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხარვეზები გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
• მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
• მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები არ ითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებს, რომელებიც შემუშავებულია მხარჯავ დაწესებულებებში ფინანსური რესურსების რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით;
• მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირები ვერ ახდენენ საუკეთესო ალტერნატივების განსაზღვრას იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც სრულად არ არის დარეგულირებული მოქმედი კანონმდებლობით. შედეგად, მიღებული გადაწყვეტილებები არაეფექტიანია;
• მუნიციპალიტეტებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ შემუშავებული სათანადო კონტროლის მექანიზმები. შედეგად, მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების აღმოჩენას და მათი გამოსწორების მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარებას. აუდიტების შედეგად გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს ღონისძიებების გატარება არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში მთლიანობაში ჩაატარა 47 აუდიტი, სულ აუდირებულმა თანხამ შეადგინა 3,065,922.1 ათასი ლარი.
აუდიტების შედეგად 700-მდე შემთხვევაში − 626,697.2 ათასი ლარის მართვისა და განკარგვის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება, მათ შორის, 578,123.5 ათასი ლარი − აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია.1 აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია საბიუჯეტო რესურსებისა და აქტივების არამიზნობრივი თუ არაეფექტიანი განკარგვით, შესყიდვების პროცესში არსებული სხვადასხვა დარღვევით, ასევე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისას დაშვებული დარღვევა - ნაკლოვანებებით.
სახელმწიფო შესყიდვების მართვა − სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესში გამოვლინდა 33 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სახის დარღვევა, რაც დაშვებულია შემდეგი მიმართულებებით:
საბიუჯეტო თანხები გადარიცხულია შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე;
• მუნიციპალიტეტებმა აანაზღაურეს მიმწოდებლების მიერ შეუსრულებელი სამუშაოები;
• სამუშაოების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის პირობების გაუარესება გამოიწვია;
• სამუშაოების შესრულების ვადებში ცვლილებები შეტანილია სათანადო დასაბუთების გარეშე, რის გამოც არ არის გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;
• შესყიდვების პროცესში საბიუჯეტო რესურსები განკარგულია არაეკონომიურად და სხვ.
საბიუჯეტო რესურსების მართვა − საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, არასწორად არის განკარგული 13 მილიონ ლარზე მეტი. კერძოდ:
• თანხები გახარჯეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც აუდიტის მიმდინარეობისას დაუსრულებელი იყო და არ გამოიყენებოდა. აღნიშნული პროექტების დასრულება დამატებით დაფინანსებას საჭიროებდა, რაც აღარ დაუგეგმავთ.
• ხარჯები გაწეულია საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით;
• საბიუჯეტო რესურსები განკარგულია არამიზნობრივად;
• გაწეულია ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯი ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლის ანაზღაურებაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის2 და სხვ.
აქტივების მართვა − აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოიკვეთა, რომ რიგ მუნიციპალიტეტებს არასათანადო კონტროლი აქვთ დაწესებული აქტივების აღრიცხვის, განკარგვისა და დაცვის მხრივ. აქტივების მართვაში არსებულმა დარღვევა-ნაკლოვანებების მოცულობამ ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. კერძოდ:
• მუნიციპალიტეტებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, განხორციელდა არასრულად ან დადგენილი პერიოდულობის დარღვევით;
• მუნიციპალიტეტები ვერ უზრუნველყოფენ დაწესებული მოსაკრებლებისა და საიჯარო ქირის ამოღებას. მუნიციპალური ქონების გასხვისებისას არასწორადაა განსაზღვრული საპრივატიზებო პირობები;
• მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები;
• მუნიციპალური აქტივები განკარგულია არაეფექტიანად და სხვ.
ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება − ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესში აუდიტორული შემოწმებებით გამოვლენილმა ხარვეზებმა თანხობრივად 578 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღრიცხვა-ანგარიშგებაში გამოვლენილი დარღვევების მაგალითებია:
• ზოგიერთი მუნიციპალიტეტი არ ადგენს ფინანსურ ანგარიშგებას, არ აწარმოებს ბუღალტრულ გატარებებს ან აწარმოებს არასრულყოფილად. ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვის მიზნით არ არის გამოყენებული დარიცხვის მეთოდი;
• მუნიციპალიტეტებში არ არის აღრიცხული ძირითადი აქტივების, ასევე ფინანსური მოთხოვნების ნაწილი. ორგანიზაციის ბალანსში შეტანილია არასაკუთარი ქონება;
• ხარვეზებია არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლისა და წმინდა ღირებულების გაანგარიშების მხრივ და სხვ.;
• არასწორი ბუღალტრული გატარებებისა და აღრიცხვის შემთხვევები დაფიქსირდა ყველა მუნიციპალიტეტში, რომლებიც 2016-2017 წლებში ჩატარებულმა ფინანსურმა აუდიტებმა მოიცვა.
აუდიტის სამსახურის დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ აქ: