თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, საბურთალოს მაჟორიტარმა ვახტანგ შაქარიშვილმა და მთაწმინდის მაჟორიტარმა ჯაბა ჯიშკარიანმა დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც პარტიის „ქართული ოცნება“ დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება.
„სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება, მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების, მრავალწლიანი და უთანასწორო ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და ნაცებად სახელდების მცდელობა. ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა. ამიტომ ვტოვებ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებული მოვლენები გახდა.
„დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მოვლენებს, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარებდა. ჩვენთვის შეურაცხმყოფელია დამოკიდებულება, რომ ლევან მურუსიძე არის გმირი და ჩვენ, ვინც მის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ნაციონალების წისქვილზე ვასხამთ წყალს,“- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ვახტანგ შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.