საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მესამე პროექტი იწყება. პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახსნის ცერემონია 11 აპრილს, 11:00 საათზე, ქ.თბილისის საკრებულოში გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, საფრანგეთის, საბერძნეთის მარეგულირებელი კომისიების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ევროკავშირის მიერ 1 200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის მიზანია დაეხმაროს სემეკს მომსახურების ხარისხისა და მიწოდების საიმედოობის წამახალისებელი რეგულირების, ასევე ჭკვიანი აღრიცხვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, საქართველოში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.