ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პენიტენციური სისტემა არ მუშაობდა ჯეროვნად და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებდა.
„განხორციელებული რეფორმებით პენიტენციურ დაწესებულებებში კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა. ფაქტობრივად, 2018 წელს საქართველოს პენიტენციური სისტემა მართებულად იმსახურებს გაერთიანებული ერებისა და ევროკავშირის „ადამიანის უფლებების წარმატებული შემთხვევების“ კონტექსტში ხსენებას. საქართველომ ასევე შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ. მათი დარღვევა ადრე ხდებოდა, ახლა კი სრული პატივისცემის პირობებში წარმოჩინდება. მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულ პატივს სცემს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას. სასამართლო სისტემა უფრო მეტად რეაგირებს სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე და დისკრიმინაციაზე; დამცავი მექანიზმები გაძლიერებულია. აქ ხაზი მინდა გავუსვა 2017 წლის აპრილში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიკაციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და დაგმობის შესახებ. დაბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ძლიერი მექანიზმები შეიმუშავა ადამიანის უფლებების სფეროში. პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სტრატეგიული მიდგომა შეიმუშავა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. გაძლიერდა სახელმწიფო დამცველის სამსახური და ქმედითი ზედამხედველობის მექანიზმები დაინერგა საპარლამენტო დონეზე. უდავოდ, ბევრს მივაღწიეთ, თუმცა განწყობილნი ვართ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ვიქონიოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.