მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი ითხოვს, რომ 9 აპრილს დაღუპულ მოქალაქეებს, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ. ამ ინიციატივით ხორგუანმა უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას.
"ეს ადამიანები შეეწირნენ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ამ იდეას. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო მაგალითი ჩვენს უახლოეს ისტორიაში თავგანწირვის, თავდადების, თანადგომის, გამბედაობის და ყველა რეალურად ამაზე შეთანხმებულები ვართ, რომ ეს ადამიანები იყვნენ გმირები. მაგრამ ჩვენ გვაქვს კანონი სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ შეიძლება ეროვნული გმირის საპატიო წოდება მიენიჭოთ იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული ღვაწლი, განსაკუთრებული გმირობა ჩაიდინა ქვეყნის წინაშე", - აცხადებს სოფო ხორგუანი.
სოფო ხორგუანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მის ინიციატივას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ექნება.
"როცა ამ ადამიანებს მიენიჭებათ ეროვნული გმირის წოდება, მაშინ ნამდვილად შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ახალ თაობებს იმ მოვლენების შესახებ, რაც იყო და ამ ადამიანების შესახებ… ქვეყნები, სახელმწიფოები, ვისაც ასეთი ისტორიები არა აქვთ, იგონებენ ამ ისტორიებს, ლეგენდებს თხზავენ, რომ ასეთ მაგალითებზე აღზარდონ თაობები და ასეთი მაგალითების სწავლით გაზარდონ ერი. ჩვენ არაფრის მოგონება არ გვჭირდება", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.