საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ავლაბრის რეზიდენციისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ფუნქციების გადაცემას გამოეხმაურა:
„ეს არის თავმოუბმელობის და მავნებლობის ტიპიური მაგალითი ქართული ოცნებიდან. წლების მანძილზე იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტის რეზიდენცია არის დიდი და თურმე მისი კომუნალური ხარჯები და შენახვის ხარჯები არის მაღალი. დღეს მივიღეთ 2 სასახლე. სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია არის სრულიად გაურკვეველი და თურმე ამხელა შენობა და რეზიდენცია უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ წელიწადში ერთხელ იქ მიღება მოეწყოს. ამიტომ ეს არის მაგალითი თუ როგორ მართავს ქვეყანას ქართული ოცნება, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება ერთი ადამიანის პირადი სურვილების მიხედვით და შემდეგ ხდება თითქოს რაღაც რაციონალური ფორმის და ახსნა - განმარტების მოძებნა ამ გადაწყვეტილების უკან. თუ არ იცოდნენ რაში გამოეყენებინათ პრეზიდენტის სასახლე, დაენებებინათ თავი ფართის თვლისთვის, დაენებებინათ თავი კომუნალურის ანგარიშისთვის იმიტომ, რომ დღეს იგივე თანხას ოღონდ გაორმაგებულად იხდის სახელმწიფო, პრეზიდენტი ყოფილიყო თავის რეზიდენციაში ვინაიდან ეს იყო სახელმწიფო სიმბოლო და ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო სიმბოლოც დააზიანა და მეორეს მხრივ უფუნქციოდ დატოვა სასახლე, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეულირ რეზიდენცია დღევანდელ საქართველოში“ - დავით ბაქრაძე