საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს ვიდეომიმართვით ეხმიანება.
„ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ახლა მინდა გკითხოთ საღად მოაზროვნე ქართველებს - აბა, გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში, 9 აპრილის შემდეგ? შეიძლება, ეშმაკი ეწოდოს, ხო? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაჩერა? შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც ჩაიგდო საქართველოში პრაქტიკულად ყველა ბიზნესი ხელში, გახდა ქვეყნის მთავარი მევახშე, ყველა ბანკი პრაქტიკულად მის ხელშია, ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან, შემთხვევით ეშმაკი ხომ არა? რა ჰქვია იმ არსებას, ვინც რომან შამათავას ალპობს ციხეში, იმ დროს, როცა აფხაზეთში ხალხს გვიხოცავენ, ვინც ციხეში ჩასვა 2008 წლის ომის გმირები ფარული ჩანაწერების ჩადებით, ვინც დაახოცინა ჩვენი სპეცრაზმელები, შემთხვევით ეშმაკი ხომ არ არის?
ბოლოს და ბოლოს, ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ჯერ გლეჯს, ანადგურებს, მერე ეხუტება და ყველაფრით არის ამ ხეებთან დაკავებული და ათასგვარ რიტუალებს ასრულებს, შემთხვევით, რაღაც ეშმაკისეული ხომ არ დაკრავს ამ ყველაფერს?
საბოლოო ჯამში, შემთხვევით ეშმაკი 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს, სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული და ხომ არ დაყურებს ქართველ ხალხს ზემოდან?” - თქვა ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.