დღეს, თბილისის მერიის წინ, აფხაზეთიდან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი და "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე იყვნენ.
მომიტინგეები თბილისის მერიისგან დევნილებისთვის დედაქალაქში საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და გარევაჭრობის წესის დამტკიცებას ითხოვდნენ.
როგორც "კონსერვატორმა" ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა გარევაჭრობა დაშვებულია ევროპის დიდ ქალაქებში მათ შორის პარიზსა და მადრიდში, თუმცა მისი თქმით, აღნიშნულ ქალაებში გარევაჭრობა გარკვეული წესით რეგულირდება.
"იგივეს მოვითხოვთ ჩვენც. 2006 წელს თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას უნდა დამეტკიცებინა გარევაჭრობის წესი, თუმცა გიგი უგულავას მხრიდან სახეზეა კორუფციული გარიგებები რომლის მეშვეობითაც მისი მეგობარი ბაზრის მფოლობელები ხეირობენ", - განაცხადა ჩხარტიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი პროკურატურაში, გიგი უგულავას წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევა. ამჯერად დევნილების საკითხზე. როგორც დღევანდელ საპტოტესტო აქციაზე აღინიშნა, აგვისტოში, თბილისის მერიაში შევიდა წერილი რომლის მიხედვითაც მიტინგების ორგანიზატორები გიგი უგულავას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შენობების და მათი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციას სთხოვდნენ, თუმცა ჩხარტიშვილის განმარტებით, მათ მერიისგან პასუხი არ მიუღიათ.
"კანონმდებლობის მიხედვით თბილისის მერიას პასუხი 10 დღის ვადაში უნდა გაეცა", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
როგორც აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო შალამბერიძემ განაცხადა, გარემოვაჭრეების პრობლემასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. მანვე აღნიშნა, რომ მომავალ ხუთშაბათს, 23 სექტემბერს პარლამენტში შევა ინიციატივა გარევაჭრობის წესის დაკანონებასთან დაკავშირებით.
"სანამ ხელომწერები შეგროვდება ჩვენ მივცემთ პარლამენტრს შესაძლებლობას იმსჯელოს ამ პრობლემებზე", - აღნიშნა შალამბერიძემ.
აქციის ორგანიზატორებმა დევნილებსა და გარემოვაჭრეებს აქტიურობისაკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ 7 ოქტომბრის მასშტაბურ აქციაზე მომიტინგეთა რიგები ერთი-ორად უნდა გაიზარდოს.