დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი, - ასე იწყება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარუის, ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა.
„საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი.
1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა - მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენლმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა.
ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:
ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.
2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.
ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია - თავდაღმართში სვლის ტეხილი, რომელშიც ძალიან ცოტა იყო დარაზმულობის, შრომისა და ურთიერთგატანის ადგილი, რომელშიც თითქმის ყველა ისტორიული გარდატეხა სულსწრაფობითა და ემოციით ხდებოდა, რის შედეგადაც ქვეყნის განვითარება ათწლეულებით დავხიეთ უკან”, - ნათქვამია წერილში.