დღეს არის გაერთიანების დრო. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა, მაგრამ არც ერთი დღე აღარ გვაქვს დასაკარგი, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე.
მისი თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
„მივესალმები ჩვენს საამაყო ქართველებს, ჩვენს მეგრელებს! მე დღეს ბედნიერი ვარ ,რომ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ ამდენ ადამიანს, ყველა თაობის წარმომადგენელს. განსაკუთრებით მიხარია ის,რომ ამდენ გულანთებულ ახალგაზრდას ვხედავ დღეს, ამ მოედანზე. მინდა მათ განსაკუთრებით მივესალმო. ჩემო ძვირფასებო, დღეს არის გაერთიანების დრო. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა, მაგრამ არც ერთი დღე აღარ გვაქვს დასაკარგი. ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ასევე პრემიერმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ჩვენი მთავრობა განახორციელებს თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით. ჩვენ ვიცით, რომ პრობლემები ძალიან ბევრია ქვეყანაში. მე ასევე ვიტყოდი რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ძვირფას მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა ღარიბაშილმა.