მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად ჯერ კიდევ ევროგაერთიანების შემადგენლობაშია, ბრიტანეთის მთავრობამ უკვე დაიწყო პასპორტის გაცემა, რომელზეც წარწერა „ევროპული გაერთიანება“ მოხსნილია.
ხელისუფლების ამ ნაბიჯმა გააღიზიანა ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში დარჩენის მომხრეები არიან და ახალი პასპორტები მიიღეს.
სუზან ჰინდლ ბარონი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ახალი დიზაინის პასპორტი აიღო, აცხადებს, რომ შოკირებულია ამ გადაწყვეტილებით, რადგან ბრიტანეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრია.
„მე ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ ძველი დიზაინის პასპორტს ავიღებდი. როგორც ჩანს ეს ასე არ არის, ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან ეს პირველი ყველაზე ხელშესახები ნიშანია იმისა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს“, - განაცხადა სუზან ბარონმა.
ბრიტანეთის საშინაო საქმეთა სამსახურის განცხადებით, ბრიტანული პასპორტებიდან „ევროპული გაერთიანების“ მოხსნა ნაწილია პასპორტის დიზაინის ცვლილების პროცესისა, რომელიც საბოლოოდ ლურჯ პასპორტებზე გადასვლას ემსახურება.