საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, იპოთეკური დაკრედიტების ახალი სტანდარტებების შემოღების მიზეზები ახსნა. როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, იპოთეკური სესხები - განსაკუთრებით უცხოური ვალუტით - მოსახლეობის შემოსავლებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. ბოლო ორი წლის მანძილზე, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღემატებოდა, რაც ძალიან მაღალია.
„იპოთეკური სესხებისთვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა, სესხების უპასუხისმგებლო სტანდარტებით გაცემა, რაც ჩვენთან უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, მომავალში დეფოლტის მაღალ დონეს იწვევს. ეს კი დიდი ალბათობით სისტემურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. თუ გავიხსენებთ 2014 -2015 წლის სიძნელეებს, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში არსებული იპოთეკური პორტფელის ხარისხის შენარჩუნება უმეტესწილად რესტრუქტურიზაციების, დაგრძელვადიანებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ხარჯზე მოხერხდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში კი ეს ზომები შეიძლება ვერ გატარდეს, რაც პორტფელის ხარისხის საგრძნობლად გაუარესებას და შედეგად, საფინანსო სექტორის სირთულეებს გამოიწვევს" - აღნიშნა გვენეტაძემ