2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია ჩვენი პროგნოზის შესაბამისია - განაცხადა კობა გვენეტაძემ რეგულაციების პირველადი შედეგების მიმოხილვისას. მისი განმარტებითვე, წინასწარი არასრული ინფორმაციით პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
"ამასთანავე, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნეს სესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხის (დაახლოებით 300 მილიონი ლარი, რომელიც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია) დაფარვა მოხდა. რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში რჩება, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა ამ ეტაპზე კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი", განმარტა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.