დღეს, 16 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ის კონსული პატრიკ უინგეიტი გამართავს პირველ საინფორმაციო შეხვედრას მწვანე ბარათის ლატარიის ახალ გათამაშებასთან დაკავშირებით. მწვანე ბარათი ლატარიის მონაწილეებს აშშ-ში ლეგალური ემიგრაციის საშუალებას აძლევს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, გამარჯვებულს ავლენს კომპიუტერი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში გაიცემა 55 000 საემიგრაციო ვიზა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც აშშ-ში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში. განაცხადების მიღება დაიწყება სამშაბათს, 5 ოქტომბერს და დასრულდება ოთხშაბათს, 3 ნოემბერს. ერთადერთი ვებგვერდი, საიდანაც თგანაცხადის გაგზავნა შეიძლება, არის www.dvlottery.state.gov. მწვანე ბარათის ლატარეაში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანა უფასოა.
2011 წლის 1-ლი მაისიდან, მხოლოდ www.dvlottery.state.gov ვებგვერდზე შესაძლებელი გახდება გამარჯვებულის ვინაობის დადგენა. ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება იმ სარეგისტრაციო ნომრის მითითება, რომელიც განმცხადებელს განაცხადის შეტანისას მიენიჭა.
ლატარიაში გამარჯვებულებს ინფორმაცია არ გაეგზავნებათ არც ელექტრონული და არც ჩვეულებრივი ფოსტით.
აშშ-ის საელჩო ყველას დაბეჯითებით ურჩევს, არ ისარგებლონ კერძო საშუამავლო კომპანიების, ან თარჯიმანთა ბიუროების მომსახურებით მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობისთვის განაცხადის შევსებისას. ამ კომპანიების მომსახურება სრულიად ზედმეტია. მათი საქმიანობა ხშირად თაღლითობასთანაა დაკავშირებული. პირმა, რომელიც შუამავალი კომპანიების მომსახურებით ისარგებლებს, შესაძლოა, ვერ მიიღოს აშშ-ის ვიზა.
მომდევნო საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება თბილისში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში. მწვანე ბარათის ლატარიის შესახებ უახლესი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირს შეიძლია მიმართოს აშშ-ის საელჩოს ოფიციალური ვებგვერდს: http://georgia.usembassy.gov.