დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად გაუარესებულია - წერია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს - 116 შემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40% აჭარის რეგიონში გვხდება. აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტირებულია იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული. საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული“, - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული დაკავების ოქმს დაემატოს დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანების აღწერის გრაფა, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიციის თანამშრომლებს მიეცეთ მკაფიო ინსტრუქცია სხეულის დაზიანებების დოკუმენტირების შესახებ.
სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.