ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, - წერია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.
„ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად/დასადგენად“, - წერია ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა და გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა.
სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.