თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა, საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიცია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და ამის მაგალითად ოპოზიციის განცხადებები მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ოთხსართულიანი შენობის აშენება იგეგმება.
„ჩვენ ასეთი „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოთ. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად გადავამოწმოთ ინფორმაცია,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა კონკრეტულად პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე არსებული მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის პროექტზე. მან აღნიშნა, რომ 150-ადგილიანი საპარკინგე ადგილი მცირდება 110-ადგილამდე, რადგან ადგილზე არსებული კომუნიკაციები არ აძლევს ინვესტორს უფრო დიდი პარკინგის მოწყობის საშუალებას. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ამაზე მეტყველებს ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებიც.