დედა ენის ბაღში გამართულ საპროტესტო აქციაზე გაკეთდა განცხადება საქართველოს პედაგოგთა ასოციაციის დაფუძნების შესახებ. ასოციაციის პრეზიდენტი, 82-ე სკოლიდან დათხოვნილი პედაგოგი ლალი ელიკაშვილი იქნება, ხოლო დამფუძნებელი 89-ე სკოლიდან დათხოვნილი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლია ნიკოლაიშვილი.
ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი დაეხმარებიან ყველა იმ პედაგოგს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები სკოლის დირექციამ დაარღვია.
"შეგვიძლია სკოლიდან დათხოვნილ პედაგოგებს შევთავაზოთ უფასო იურისტის მომსახურება", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ მათ სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს რამდენიმე სკოლიდან დათხოვნილი პედაგოგის საქმე და ყველა პროცესი მოიგეს.
"ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე პროცესი მათ შორის ჩემი. აუცილებლად დავბრუნდები 89-ე სკოლაში და იქიდან გამოვუშვებ თავგასულ დირექტორს, ნანა სოლოღაშვილს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ასოციაციის პრეზიდენტის თქმით კი, პედაგოგების გათავისუფლების მიზეზი 37-ემუხლი ხდება, რომელსაც სკოლის დირექტორები პედაგოგებს ხშირ შემთხვევაში არც განუმარტავენ.
"აბრალებენ ბავშვის ცემას და სხვადასხვა ვითომდა არაეთიკურ საქციელს", - განაცხადა ლალი ელიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დედა ენის ბაღში გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს პედაგოთა ასოციაციამ, ალეკო შალამბერიძისა და კახა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, სკოლებიდან პედაგოგების დათხოვნის ფაქტი გააპროტესტა.