საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება:
- საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მისი სახელობის მარკას;
- განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დაააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს;
- ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი ქინება მისი ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები და წიგნები;
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრიქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი,
- საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.