ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქისა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ დაწყებულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტურიზმის სექტორში ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება.
მთავრობის მეთაურმა ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ფონდ "ქართუს" ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის უნიკალური შენობის რესტავრაციისთვის, რომელიც გუშინ საპრემიერო სპექტაკლით ოფიციალურად გაიხსნა. "ჩვენ ბათუმში გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ეს არის მართლაც უნიკალური და ულამაზესი შენობა და სიამაყე ყველა ქართველისთვის.
მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს“ ამ საჩუქრისთვის. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ახალი მულტიფუნქციური თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსი, რომელიც ზაფხულში დასრულდება და რამდენიმე თვეში გავხსნით. ეს იქნება პირველი მსგავსი დატვირთვის მქონე სპორტული კომპლექსი აჭარაში და მსგავსი კომპლექსების მშენებლობას ყველა რეგიონში დავიწყებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, გავეცანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელსაც 6 აპრილს უნდა ვუმასპინძლოთ. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ უმაღლეს საერთაშორისო ტურნირს ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.