"იგეგმება პროფესიული მასწავლებლების ხელფასების ზრდა 30 %-ით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის სხდომაზე განიხილავენ ცვლილებას განათლების რეფორმაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოსგან ვაუჩერული სისტემით დაფინანსებას კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც მიიღებენ და ასევე გაიზრდება პროფესიული მასწავლებლების ხელფასი 30 %-ით.
„სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც რა თქმა უნდა, არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ისეთი პროფესიული სასწავლებლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან პროფესიულ სწავლებას.
ძალიან სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კერძო კომპანია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას და აქედან გამომდინარე, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებიც, რომლებიც გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას. იგეგმება ასევე პროფესიული მასწავლებლების ხელფასების ზრდა 30 %-ით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.