ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
„მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვასრულებთ, რომელიც სამწუხაროდ, კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით, დროში გაიწელა, თუმცა ყველა პრობლემა მოგვარდა და სამუშაოები სხვა კომპანიამ გააგრძელა. დღეიდან უკვე მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. ღოღობერიძის ქუჩაზე საკმაოდ აქტიური საავტომობილო მოძრაობაა, შესაბამისად, ამ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტისთვის 473 200 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.