2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსა და „Eurojust"-ს შორის ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ წარმატებით დასრულდა - საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ხვალ, 29 მარტს გაფორმდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გენერალურმა პროკურორი და ევროჯასტის პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს ჰააგაში მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილოების მისაღებად თეა წულუკიანი ნიდერლანდების სამეფოში დღეს გაემგზავრა.
„Eurojust" ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე, მეკავშირე ოფიცრების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას.
შეთანხმების გაფორმების მიზნით „Eurojust"-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა. პროცესის წარმატებით დასრულებისათვის არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის − უმაღლეს დონეზე.
- იუსტიციის მინისტრის პირველი შეხვედრა „Eurojust"-ის პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან 2015 წლის 29 სექტემბერს შედგა.
- პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა 2018 წლის იანვრიდან, როდესაც ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ჰააგაში „Eurojust"-თან ოფიციალურ მოლაპარაკებებზე და საქართველოს გადმოეცა ორმხრივი შეთანხმების პროექტი.
- სააგენტოსთან ოფიციალური მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი გაიმართა 2018 წლის 16 აპრილს, როდესაც მხარეებს შორის შეჯერდა ტექსტის პროექტი. შეთანხმების პროექტი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გავლით განიხილეს შესაბამისმა უწყებებმა.
- 2018 წლის 3 ივლისს ქართული მხარის მიერ პარაფირებული შეთანხმების პროექტი მიეწოდა „Eurojust"-ს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დოკუმენტის შემდგომი განხილვისა და შიდა პროცედურების გავლის მიზნით.
- 2019 წლის 14 თებერვალს ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი „Eurojust"-ის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულებთან, კოორდინირებული ბრძოლისათვის.
ევროჯასტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო − ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია; ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას; ეს ნიშნავს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.