ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატო-ს წევრობა, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარებული წინა სწავლებისგან განსხვავებით, წელს სწავლებაში მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და უკვე 24 ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში.
„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს, ნატო-ს გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის ძალიან საამაყო იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.