მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
"საქართველო 24 წელიწადში ერთხელ ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, ეს წელი 2019 წელია.
წელს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება. თავად ევროპის საბჭო კი 70 წლის წინ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა. ის არის 47 ქვეყნის გაერთიანება, რომლის მთავარი მიზანი დემოკრატიის გავრცელება და ადამიანის უფლებების დაცვაა.
10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვევა სტრასბურგს და სიტყვით გამოვა საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. აპრილის ბოლოს საქართველოს ეწვევა საპარლამენტო ასამბლიეს პრეზიდენტი ქალბატონი ლილიან პასკიე და სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
ვემზადებით ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული 6 თვისთვის, რომლის განმავლობაშიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტობა ჩვენ გვერგება", - წერს თამარ ჩუგოშვილი.