ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი" 12:00 საათზე ეთერში კახეთიდან გავიდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „კურიერის" მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა განუცხადა, სიღნაღის სტუდიიდან მაუწყებლობის დაწყება შემოდგომის დადგომას და რთველს უკავშირდება.
„თბილისის სტუდიის გარდა, "კურიერი" ზაფხულში ბათუმიდან მაუწყებლობდა და ეს პროექტი ისევ გრძელდება. რადგან რთველი აქტიურ ფაზაში გადავიდა, გადავწყვიტეთ ასეთივე პროექტის კახეთში განხორციელება. სიღნაღიდან მაუწყებლობა გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა შემოდგომაზე ინტერესი უფრო მეტად კახეთისკენ ინაცვლებს და ჩვენი აქტივობაც ამას უკავშირდება. მომავალში მაუწყებლობას საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ვგეგმავთ", - აღნიშნა გიორგი ლაფერაშვილმა.