საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.
,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, თუ რა გზაზე ვდგევართ - რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.
ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსათვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.