ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება მხოლოდ საქართველოს და ალიანსის 29 ქვეყნის გადასაწყვეტია. შესაბამისად, რუსეთს არ შეუძლია ამ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად გადაწყვეტს თუ რომელ გაერთიანებაში გაწევრიანდება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა გავლენას მოახდენს რუსეთის წინააღმდეგობა საქართველოს ნატოშ ინტეგრაციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, თავის დროზე, საბჭოთა კავშირი ეწინააღმდეგებოდა ალიანსში ნორვეგიის გაწევრიანებას, თუმცა საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის ამ წინააღდეგობას გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია და ნორვეგია გახდა ალიანსის წევრი.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება სასამართლო სისტემისა და თავდაცვის უნარის გაძლიერების მიმართულებით.