,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა" დღეს ბათუმში გაიხსნა. პროექტში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასამბლეის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების თვითრეალიზაციაზე და რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ,,ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს წარმოადგენს ახალგაზრდობა, განსაკუთრებით კი განათლებული ახალგაზრდობა. დარწმუნებული ვარ, იმ ეროვნული იდეით, რომელიც განათლებაში რეფორმებს, კერძოდ კი ბიუჯეტიდან ქვეყნის რესურსების მეოთხედის განაწილებას ეხება, ქვეყნის უკეთეს მომავალს შევქმნით. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს ღონისძიება უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს და მალე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც გაიმართება. თქვენ უკვე აღარ ხართ მომავლის ლიდერები, თქვენ უკვე შემდგარი ლიდერები ხართ, მაღალი სამოქალაქო შეგნებით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ხელმძღვანელობით ხორციელდება. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მსგავსი შინაარსის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს. პროექტი აგრეთვე მოიცავს საგრანტო-სარეზოლუციო პროექტების კონკურსს. სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს